national delicacy

გვირილების მდელო - ღვთაების მონასტერი - მარტყოფი

  • ID: 62800
  • ნახვები: 2532
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/05/21
    დაბრუნება
    • 29/05/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" შაბათს, 29 მაისს, გთავაზობთ ერთ დღიან ფოტო-ტურს გვირილების მდელოზე, სადაც ზღაპრული სილამაზე, ამ ყვავილების მართლა "ზღვა" დაგვხვდება. გექნებათ სრულად საკმარისი დრო ფოტოების გადასაღებად, ყვავილების დასაკრეფად. კარგი იქნება, თუ ფოტოებისთვის თქვენც ლამაზად შეიმოსებით.
ამის გარდა ვესტუმრებით მარტყოფს, გმირული წარსულის მქონე სოფელს. მარტყოფი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სოფელია. ძველად მას აკრიანი, ანუ ქვიანი ადგილი ერქვა, ხოლო მარტყოფი წმ. ანტონ მარტყოფელის (მარტო მყოფელი) დროს, მე-6 საუკუნეში ეწოდა. აქვე მოვიპოვეთ ბრწყინვალე გამარჯვება შაჰ-აბასის სპარსელთა რაზმის წინააღმდეგ 1625 წელს. ტურის გეგმა კი ასეთია:

1. გვირილების "ზღვა" მდელოები - ფოტოსესია.
2. თბილისის ეროვნული პარკი. შეიქმნა 1973 წელს. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.
3. მარტყოფის ღვთაების მონასტერი, მდებარეობს სოფელ ნორიოს მახლობლად, იალნოს ქედზე. მონასტერი მე-6 საუკუნეში დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ანტონ მარტყოფელმა.
4. სვიმონ მესვეტის კოშკი, სადაც ანტონ მარტყოფელმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა. ავალთ კოშკის თავზე, საიდანაც ულამაზესი ხედები გადაიშლება ღვთაების მონასტერზე, გვირილების მდელოზე, გარშემო ტყის მასივზე და ა.შ. კოშკისკენ მიმავალ გზაზე მოვინახულებთ წმ. ნიკოლოზისა და ბარაბრეს ტაძრებსაც.
5. ავთადარიანი - ყოველთა წმინდათას სახ. მამათა მონასტერი. ამ ადგილას იყო ძველი სოფელი, აკრიანად წოდებული. სიტყვა "ავთადარიანი" წარმოებულია დარი და ავდარიდან, რაც იმას აღნიშნავს, რომ ქვემოთ დღევანდელი მარტყოფისგან შედარებით აქ ამინდი ხშირად იცვლება.
6. ავთადარიანი - მთავარანგელოზის ტაძარი, მე-9-10 სს.
7. შინჯიკაშვილების კოშკი - ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი გამგებელი, იბრაჰიმ ბეი ალ ქაბირ მუჰამადი დაიბადა 1735 წელს საქართველოში, მარტყოფელი მღვდლის, გვარად შინჯიკაშვილის ოჯახში. ის იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა ეგვიპტის XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედის ისტორიაში.
8. მარტყოფის ბრძოლის მემორიალი - 1625 წლის 25 მარტს გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვება ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. აქვეა ულევარის ველიც. სოფელში ყვებიან, რომ ბრძოლაში აქ მტერი ვერ გამოლიეს ჟლეტით და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
9. აპარანი - წმ. გიორგის სალოცავი. დგას სოფელი მარტყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე საიდანაც ულევრის ველი (1625 წლის მარტყოფის ომის ადგილი) ხელის გულივით მოჩანს და ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. ტოპონიმი აპარანი - სამეფო პალატს, სასახლეს ნიშნავს. სავარაუდოდ ამ ადგილას თავდაპირველად მეფეთა სადგომი იქნებოდა, თუმცა იგივე სახელთან დაკავშირებით არსებობს სხვა, ხალხში გავრცელებული ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია გიორგი სააკაძის სახელთან. ბრძოლის მიწურულს, დაღლილ სააკაძეს მკლავი მოუჩრდილებია და ბრძოლის ბუღში მოშორებით მდგარ გორაკზე ახლად მოსული ლაშქარი შეუნიშნავს, რომლისთვისაც შეუძახია: ქართველები ხართო? იმათ კი იქიდან უპასუხიათ: აპა, რანი ვართ-ო.

 29 მაისი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 23 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 3 კმ. მარტივი, ტყეში სასეირნო.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად მდებარეობს, იალნოს ქედზე. მონასტერი მე-6 საუკუნეში დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ანტონ მარტყოფელმა. მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლია. გარდა კულტურული ღირებულებისა, ხეებში ჩაფლული მონასტრიდან ვრცელი, ძალიან ლამაზი ხედებიც იშლება, რაც ბუნებისა და არქიტექტურის მშვენიერ სინთეზს ქმნის. წერილობითი წყაროების თანახმად მე-6 საუკუნემდე მარტყოფს აკრიანი (ქვიანი ადგილი) რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის გვამცნობს, რომ აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია. მე-6 საუკუნის I ნახევარში აკრიანის მთებში მამა ანტონი დამკვიდრდა, რომელსაც განცალკევებით ცხოვრების გამო მარტომყოფელი, მარტყოფელი უწოდეს. შემდეგ ამ ადგილმაც მარტყოფის სახელწოდება მიიღო. ანტონ მარტყოფელმა მალე გაითქვა სახელი როგორც სასწაულმოქმედმა და მასთან თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. 1265 წელს „ოქროს ურდოს“ მბრძანებლის, ბერქა ყაენის ლაშქრობის შემდეგ, რომელმაც ქალაქი რუსთავი გაანადგურა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან მარტყოფში გადმოვიდა. 1395 წელს, თემურ ლენგის შემოსევის დროს მონასტერი აოხრდა და დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მამა ანტონმა ედესიდან ჩამოაბრძანა. სწორედ ამ ხატის სახელიდან მოდის მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი. მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. აქ ფუნქციონირებდა სკოლა, რომელმაც 1752 წელს შეწყვიტა არსებობა ლეკთა თავდასხმის გამო. საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა მარტყოფმა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა. მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II, რომელიც 1918 წლის 26 აგვისტოს თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს. ეს მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია. მონასტერი 1934 წლამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს და მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში აქ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, მოგვიანებით კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მარტყოფში სამონასტრო ცხოვრება 1989 წელს აღდგა. ამჟამად აქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული.
მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოს, საბერეებსა და სხვა ნაგებობებს მოიცავს. მონასტერს სამხედრო დანიშნულებაც ჰქონია, მას სათოფურებიანი გალავანი ჰქონია შემოვლებული, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. გალავანი 1752 წელს ლეკებს დაუნგრევიათ და დღესდღეობით მხოლოდ ნაშთებიღაა შემორჩენილი. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარია. იგი თავიდან უფრო დიდი ზომის ყოფილა. ეს ეკლესია მრავალჯერ დაზიანებულა და ამჟამად მის ნანგრევებზე უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. ნაგებობის ძირში შემორჩენილია საძვალე. აქ არის ანტონ მარტყოფელის საფლავიც, ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილში.
ტაძრის აღმოსავლეთით სამსართულიანი სამრეკლო დგას. სამრეკლოს ფასადზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ იგი 1629 წელს კალატოზ ახვერდას აუგია.
მონასტრის აღმოსავლეთით, მთაზე ანტონ მარტყოფელის სვეტი დგას, სადაც მან სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა.
1848-1855 წლებში მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რა დროსაც ღვთაების ტაძრის ძველი მოხატულობის ნაშთები განადგურდა, მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ამ პერიოდშია შესრულებული რუსი მხატვრის, ტროშკინის მიერ ტაძრის ამჟამინდელი მხატვრობა.
ღვთაების მონასტრის დღესასწაულებია 1 თებერვალი - მამა ანტონობა, 29 აგვისტო - ანჩისხატობა.

 მარტყოფის ბრძოლის მემორიალი - 1625 წლის 25 მარტს გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვება ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. ყიზილბაშთა დიდი არმია ყორჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო. ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი. 25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყორჩიხა-ხანთან და გიორგი სააკაძე იხმეს. შეკრებისთანავე, გიორგი სააკაძემ ყორჩიხა-ხანი განგმირა, ხოლო სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, სააკაძის მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და გვიან ღამით აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამჯერადაც გადარჩა ამოწყვეტასა და აყრა-აოხრებას. შაჰ-აბას I-ის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს გიორგი სააკაძის ვაჟს პაატას, რომელიც მძევლად იყო ირანში. აბას I-მა დაიწყო სამზადისი საქართველოში დიდი დამსჯელი ექსპედიციის მოსაწყობად. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I თავდაცვისათვის ემზადებოდნენ.

 აპარანი - წმ. გიორგის სალოცავი. საუკუნეებია სოფელ მარტყოფში ყოველი აღდგომის მეორე კვირას იმართება ადგილობრივი დღესასწაული-ხატობა “აპარნობა“, მარტყოფის გარშემო სოფლებიდან და თბილისიდან ყოველწლიურად ბევრი მომლოცველი ამოდის აპარნის წმინდა გიორგის სალოცავში და აქ გამართულ სახალხო ზეიმში ერთვება, ყოველწლიურად იმართება დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, ხალხური ცეკვა და სიმღერა. სოფელი მარტყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე საიდანაც ულევრის ველი ხელისგულივით მოჩანს (1625 წლის მარტყოფის ომის ადგილი) დგას გვიანშუასაუკუნეობრივი ხანის ცალნავიანი ტაძარი, რომელიც ნაგებია ლოდისმაგვარი ოთხკუთხა ქვებით, ქვითკირით და დახურულია ძველი ქართული ღარიანი კრამიტით. იგი რამდენჯერმეა გადაკეთებული, ამაზე ნათლად მეტყველებს ტაძრის გარშემო შემორჩენილი უფრო მოზრდილი შენობის საძირკველი. ტოპონიმი აპარანი - სამეფო პალატს, სასახლეს ნიშნავს, სავარაუდოდ ამ ადგილას თავდაპირველად მეფეთა სადგომი იქნებოდა, რომლიდანაც მხოლოდ კარის პატარა სალოცავიღა შემორჩა. თუმცა იგივე სახელთან დაკავშირებით არსებობს სხვა, ხალხში გავრცელებული ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია გიორგი სააკაძის სახელთან. გადმოცემის თანახმად დიდი მოურავი თავისი ლაშქრით დაბანაკებული იყო ამ ტაძრიდან კილომეტრნახევრით დაშორებულ ადგილას, ახლანდელი თბილისიკენ მიმავალ გზასთან ახლოს, ე.წ ჭილაანთ მუხასთან (500 წლოვანი უზარმაზარი ხე, რომელიც რამდენიმე წლის წინ განადგურდა) და შაჰ-აბასის 30000 ლაშქართან ბრძოლაც იქვე დაწყებულა, ბრძოლის მიწურულს, დაღლილ სააკაძეს მკლავი მოუჩრდილებია და ბრძოლის ბუღში მოშორებით მდგარ გორაკზე ახლად მოსული ლაშქარი შეუნიშნავს, რომლისთვისაც შეუძახია: ქართველები ხართო? იმათ კი იქიდან უპასუხიათ: აპა, რანი ვართ-ო. აუცილებლად უნდა ითქვას რომ აქ გამართული ხატობა - აპარნობა, ხალხის ცნობიერებაში გარკვეულწილად შერწყმულია გიორგი სააკაძის კულტთან (ეს პიროვნება ამ კუთხეში გამორჩეულად რომ უყვართ იმაზეც ჩანს რომ მარტყოფიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სოფელი სააკაძე) და ყოველწლიურად მარტყოფელები ერთდროულად აღნიშნავენ წმინდა გიორგის დღესასწაულს და გიორგი სააკაძის მიერ ყიზილბაშებზე გამარჯვებას.

 ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი გამგებელი, იბრაჰიმ ბეი ალ ქაბირ მუჰამადი დაიბადა 1735 წელს საქართველოში, მარტყოფელი მღვდლის, გვარად შინჯიკაშვილის ოჯახში. ის იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა ეგვიპტის XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედის ისტორიაში - შეიხ ალ-ბალადი ანუ მამლუქთა ოლიგარქიის უმაღლესი პირი. აბრამ შინჯიკაშვილი 15 წლის ასაკში გაიტაცეს მუსლიმებმა და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს. ეგვიპტელმა მფლობელმა მას ისლამი მიაღებინა და სახელი შეუცვალა. ბეის წოდება მოგვიანებით - 1767 წელს მიიღო. მისი პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან გაათავისუფლა იბრაჰიმი მონობისგან ერთგულად მსახურობისთვის. იბრაჰიმ ბეი ეგვიპტეს თითქმის 29 წლის განმავლობაში მართავდა (1775-1804, შუალედებით). მას არ უყვარდა შიდა კონფლიქტები და მშვიდობიანად აგვარებდა მათ. აი როგორ აღგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარაჰმან ალ-ჯაბარტი: „დიდი ემირი, ცნობილი აბრაჰამ ბეი ალ-მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირს შორის. დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზლად იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის. მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია. იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა, გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს მაშინაც არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეემჩნია თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და არ გამოეყენებინა თანამდებობა ბოროტად“. იბრაჰიმ ბეი სათავეში ედგა ეგვიპტის ბრძოლას ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1785-1787 წლებში მან ფართომასშტაბიანი აჯანყება წამოიწყო თურქთა წინააღმდეგ და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, თუმცა ამაოდ. ქართველი მამლუქი სათავეში ჩაუდგა ეგვიპტელი ხალხის ბრძოლას ნაპოლეონ ბონაპარტის არმიასთან. 1798 წელს, პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლებში დამარცხების შედეგად, მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა და სირიაში გადავიდა, მაგრამ წინააღმდეგობა შემდგომშიც არ შეწყვიტა და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა ეგვიპტიდან ფრანგების განდევნაში. ნიშანდობლივია, რომ ქაიროში შესულმა ნაპოლეონმა ასეთ მანიფესტი გამოაქვეყნა: "ეგვიპტელო ხალხო! თქვენი განმგებელი და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს, მის სოვდაგრებს. მათი დასჯის ჟამმა დარეკა. მრავალი საუკუნეა კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო ქვეყნიერების უმშვენიერეს ნაწილს აწამებს, მაგრამ ღმერთმა, რომლის ნებაზეც არის ყოველივე დამოკიდებული, ბრძანა, რომ დადგეს მათი ძალმომრეობის აღსასრული". 1801 წელს მამლუქებმა კვლავ გაილაშქრეს ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტანბულში რომ დამარცხების შემთხვევაში საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რუსებმა უარი უთხრეს. მათ ეს არ აწყობდათ, რადგან ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორიც მამლუქები იყვნენ რუსებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა. 1804 წელს ხანგრძლივ და უთანასწორო ბრძოლაში დასუსტებულმა მამლუქებმა ხელისუფლება დაკარგეს. იბრაჰიმ ბეი თანამებრძოლებთან ერთად სუდანში გადაიხვეწა და 1815 წელს, იქვე, დონგოლაში გარდაიცვალა. საფლავი არ შემონახულა. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ იბრაჰიმ ბეის ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან. მისი ხელქვეითი მამლუქი დიდებულების უმრავლესობა ქართული წარმოშობისა იყო. მას მიმოწერა ჰქონდა ერეკლე II-სთან რათა რუსეთს, საქართველოსა და ეგვიპტეს ერთობლივად ემოქმედათ საქართველოდან და ეგვიპტიდან ოსმალთა განსადევნად. იგი, ასევე, უანგაროდ ეხმარებოდა თანამემამულეებს ტყვეობიდან დახსნასა და შემდგომ სამშობლოში დაბრუნებაში. 1778 წელს მან მოახერხა და მშობლიურ სოფელში წერილი და ეკლესიის ასაგები ფული გააგზავნა. სწორედ მისი შემოწირულობით არის აშენებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ქრისტიანული ტაძარი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 29/05/21
    დაბრუნება
    • 29/05/21