national delicacy

სათხე, ელიას მთა, წუღრუღაშენი, ჭაპალას ციხე, ბოლნისის სიონი, კაზრეთის სამება

  • ID: 62619
  • ნახვები: 1513
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/21
    დაბრუნება
    • 09/05/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 9 მაისს, კვირას, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტურს ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, რომლის ფარგლებშიც მოვინახულობთ როგორც ცნობილ, ისე საკმაოდ უცხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ძეგლებს. დავტკბებით ლამაზი ბუნებითა და ხედებით.
ტური გათვლილია ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის ე.წ. კომენდანტის საათის დროში. თბილისში დავბრუნდებით საღამოს 20:00 საათისთვის და დიდი თხოვნა გვექნება, რომ დილით არ დაიგვიანოთ და დაიცვათ ძეგლების მოსანახულებლად ორგანიზატორის მიერ დაწესებული დროები.

1. სათხის სამონასტრო კომპლექსი, მე-5-10 საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლი ძველი ფრესკებით. ექვთიმე თაყაიშვილმა 1900 წელს თბილისში გადმოიტანა სათხის კანკელის ნანგრევები. იგი ვარაუდობდა რომ მთავარი ტაძარი გიორგი III-ის ეპოქაში აიგო, თუმცა სულ ახლახანს აღმოაჩინეს კანკელის დანარჩენი ფრაგმენტები, სადაც წარწერით ტაძარს შეიძლება დათარიღება შეეცვალოს და უფრო ადრეულ ეპოქას, გიორგი I-ის პერიოდს მიაკუთვნონ.
2. კაზრეთის სამება, აგებულია მეფე ლაშა-გიორგის მიერ მე-13 საუკუნეში. შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო.
3. წუღრუღაშენი - მე-13 საუკუნის ქართული მართლმადიდებლური ულამაზეს გუმბათოვანი ტაძარი მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე.
4. ბოლნისის სიონი - მე-5 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომლის ფასადზეც შემორჩენილია საქართელოში არსებული უძველესი ქართული წარწერები. ტაძარში ასევე გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.
5. ბოლნისის ელიას მთის წმ. პეტრე პავლეს სახელობის მამათა მონასტერი, ულამაზესი პანორამული ხედები. აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნისელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო მოციქულების სახელზე ტაძარი და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი.
6. ჭაპალის ციხე – მდებარეობს მდინარეების მაშავერასა და ბოლნისისწყალის შესართავის მარჯვნივ 2-3 კმ-ზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედები.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ კიდევ ისტორიულ ძეგლებს. ასევე თუ დამჭკნარი არ იყო, ბოლნისში ყაყაჩოებთან გადავიღებთ ლამაზ ფოტოებს.

 9 მაისი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 25 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
თუ ნაწვიმი არ იყო და გზამ მოგვცა საშუალება, სათხის მონასტერში ჩვენი ტრანსპორტით თითქმის ბოლომდე მივალთ. ჯერჯერობით პროგნოზით მშვენიერი ამინდია. თუმცა ისედაც არაა შორს და ფეხით ჯამურად მაქსიმუმ 4კმ. მოგვიწიოს იოლად სავალ ტყის სამანქანე გზაზე.
ჭაპალას ციხე - 2კმ. მარტივი, ასვლა-ჩამოსვლა.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:15 სთ. გავდივართ 06:30 სთ.
(ტურის დღეს არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გასვლის დრო აღარ დავუკავშირეთ მეტროს მუშაობის გრაფიკს, დროულად რომ მოვასწროთ უკან დაბრუნება. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. საერთო პიკნიკი გვექნება ბუნებაში, გარე სივრცეში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 სათხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში დაბა კაზრეთიდან 4 კმ ში. ეკლესიის ირგვლივ მრავლად განირჩევა მშრალი წყობის ნამოსახლარების ნაშთები. ტაძარი წარმოადგენს ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით ნაგებ დარბაზული ტიპის ეკლესიას რომელიც მრავალშრიანია და მშენებლობისა და ხუროთმოძრვრულ-სივრცობრივი გადაწყვეტის სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ქრონოლოგიურად ტაძრის ჩრდილოეთი მინაშენი განეკუთვნება V-VI სს., რომლის კედლებში უხვადაა ჩართული და გამოყენებული იმავე პერიოდის ფერადოვანი ქვის სტელები. მთავარი, ცენტრალური ტაძარი X ს-ისაა. ტაძარი გამორჩეულია ორნამენტული პლასტიკით მორთული სარკმელებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული წარწერებით. სათხის ეკლესიის მდიდარი ჩუქურთმით შემკული ცნობილი კანკელი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ექვთიმე თაყაიშვილი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები. დასახელება ”სათხე” მიეკუთნება იმ ქართულ ქვემო ქართლში გავრცელებულ ტოპონიმთა ჯგუფს, როგორიცაა მაგალითად: სახუნდარი, კატაეთი და ა.შ. არსებობს ვარაუდი რომ ამ ადგილს ველური თხები აფარებდნენ თავს.

 სამების ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან მდებარეობს. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და სტილისტური მახასიაეთებლით XIII საუკუნეს მიეკუთვნება. ტაძარს გარშემო გალავანი ყოფილა, გარდა მაგისა ტაძრის მიმდებარედ შეინიშნება სხვადასხვა ნაგებობების კვალი, რაც ამ ადგილას დიდი სამონასტრო ცხოვრების მანიშნებელია. ტაძარს შესასვლელი ორი მხრიდან აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტაძრის შესასვლელი ჩრდილოეთიდან ქართულ ხუროთმოძღვრებაში ძალიან იშვიათია. ამ შემთხვევაში იგი ტაძრის ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი მოხატული ყოფილა. ჩვენამდე პირვანდელი მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მიშენებული სადგომი. გარედან მოპირკეთებულია ადგილობრივი ტუფის სწორკუთხოვანი კვადრებით. ტაძრის სარკმელები და და კარიბჭეები ძვირფასი ორნემენტებითაა შემკული, რაც იმ პერიოდის ხუროთმოძღვრების დახვეწილ კულტურაზე მეტყველებს. ტაძარი ამჟამად მოქმედია.

 წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში. ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმ სივიწროვე, ხელი რომ შეეტიოს) სადაც არის ქვა ჩადგმული რომლეზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა. გადმოცემით სამალავის და მასში ასეთი უცნაური ფუნქციური რელიეფის არსებობა უკავშირდება ფაქტს, ქართველ და არაქართველ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას და ეკლესიის მითვისებას. აღნიშნული სამალავის და ქვის არსებობა მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობას სცოდნია.

 ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. განეკუთვნება V საუკუნეს. VIII საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს. დროთა განმავლობაში დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეა. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დაზიანება ძირითადად შეეხო კამარებსა და დასავლეთის კედელს, რომელიც XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. ამ დროს იქნა გაჭრილი დასავლეთის კარიც. ამავე საუკუნის ბოლოს გიორგი XI-ის ბრძანებით ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლოც აღმართა. ამის შესახებ გვამცნობს სამრეკლოზე განთავსებული წარწერა. ეს შეკეთებები უმთავრესად აგურით იყო შესრულებული. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღის დადგენა მოხერხდა მის ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერის მეშვეობით. წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”. დღეს წარწერიანი ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული (ადგილზე კი ასლია ჩასმული). ბოლო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ტაძარს 1970-1971 წლებში ჩაუტარდა.

 ჭაპალას ციხე აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება 1664 წლის საბუთში, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ სოლოღაშვილისთვის უბოოძებია. 1749 წ. შეისყიდა თავადმა დიმიტრი ორბელიანმა. შემორჩენილია ზედაციხე და გალავნიანი ეზო სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებით; არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები (XI-XIII სს.). ციხის ძირში ნასოფლარი და ორი ეკლესიის ნანგრევია. იქვე, მდ. მაშავერაზე, XVII საუკუნის ქვის თაღიანი ხიდია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/05/21
    დაბრუნება
    • 09/05/21
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა