"ფიროსმანი ტურები" 8 მარტს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს კოჯრის ტყეებში. ტურში გვექნება ულამაზესი ხედები, მშვენიერი ბუნება, ისტორიული, უძველესი და უცხო ადგილები, გერმანული არქიტექტურა, ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და ა.შ.
1. იუნკერების მემორიალი და წმ. გიორგის ტაძარი. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში 1921 წლის 17 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500 კაციანი რაზმი ჩაერთო 20-25 წლის ახალგაზრდებით, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
2. კოჯრის (ქოროღლი, აზეულა, აგარნი) ციხე - მე-11 საუკუნე. მდებარეობს ზ. დ. 1200 მ.-ზე და ციხეზე ასვლის შემდეგ გასაოცარ ხედებს ნახავთ ყველა მიმართულებით. სიამაყესთან ერთად ეს ადგილი დიდ სევდასაც იწვევს, რადგან აქ გარდაიცვალა თამარ მეფე და აქ შეეწირნენ ქართველი გმირი იუნკერები საბჭოთა იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლას.
3. ღოუბნის ორმოცნი - მე-16-17 სს. ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარი და კოშკი. მდებარეობს ე.წ. კოჯრის ტყეში, ქოროღლის ციხის ძირში.
4. კაბენის მონასტერი და ნასახლარი - მე-13 ს. მდინარე ასურეთისწყლის ხეობა. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქაელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. სამწუხაროდ აფეთქების შედეგად ღვთისმშობლის ტაძარი თითქმის ბოლომდე განადგურებულია.
5. ასურეთის წყალსაცავი.
6. სოფ. ასურეთი (ყოფ. ელიზაბეტთალი). ეს გახლავთ ძალიან საინტერესო და ფაქტობრივად უნიკალური სოფელი თავისი წარსულით, არქიტექტურით, ვაზის ჯიშებით და ა.შ. ვიხილავთ გერმანული არქიტექტურით (ლურსმნების გარეშე) აგებულ სახლებს, გოთური სტილით ნაგებ ლუთერანულ ტაძარს (1871), გერმანელების სასაფლაო-მემორიალს და ა.შ.
7. ბოლოს კი ტურს დავასრულებთ ღვინის დეგუსტაციით ადგილობრივ ოჯახში. გერმანელებს ვენახები გაშენებული ჰქონდათ სოფლიდან 7 კილომეტრში, მდინარე ალგეთის ნაპირებზე, რაც განაპირობებდა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. მათ შუაგულ ვენახში ააშენეს უნიკალური სამსართულიანი ნაგებობა - ღვინის მარანი, სადაც დაახლოებით 5000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. სოფელში სწორედ აქედან ჩამოიტანა გერმანელმა ოტო შალლმა ვაზის ჯიში - ასურეთული შავი, რომელსაც მოგვიანებით მის საპატივსაცემოდ „შალლა“ უწოდეს. აუცილებლად დავაგემოვნებთ ამ ღვინოს. მენიუში ასევე შედის ჭაჭის დეგუსტაცია, ლობიანები და კარტოფილის ღვეზელები, ხილის ასორტი, ყავა, ჩაი. მარნის მეპატრონე ჩაგვიტარებს მცირე ექსკურსიას. თუ გსურთ ეს მენიუ, დამატებით ერთ ადამიანზე იქნება გადასახდელი , ნებაყოფლობითია.
✔ 8 მარტი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: .
ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 13 კმ. მარტივი რელიეფი.
⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ტურის ღირებულებაში არ შედის:
დღის განმავლობაში კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ვინც შეიძენთ მარნის მენიუს, ნაწილი საკვები შედის იქაც და ტურის ბოლოს ერთად ვიპიკნიკებთ ასურეთის ერთ-ერთ თბილ ოჯახში.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე გიორგი
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.
გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤
✔ ასურეთი ძველი ქართული სოფელია. მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან მეფის რუსეთის მიერ, საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება დაიწყო. ჩამოსახლებული გერმანელი შვაბების დიდი ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა და 1819 წელს ასე შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გერმანული დასახლება - სოფელი „ელიზაბეტთალი“ (მაშინდელი რუსეთის მეფის ალექსანდრე პირველის სიდედრის საპატივცემულოდ). მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ელიზაბეტთალი კარგად განვითარებული და სამეურნეო თვალსაზრისით სანიმუშო სოფელი იყო, გერმანელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწადმოქმედებას და ხელოსნობას. თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი საუკეთესო ხარისხის რძის პროდუქტებით ამარაგებდა დედაქალაქის მოსახლეობას. განსაკუთრებით განვითარებული იყო სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მემარცვლეობა და მეკარტოფილეობა, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა თბილისში. გერმანელმა კოლონისტებმა ასურეთში შექმნეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებანი, რომლებიც დიდ როლს ასრულებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი, კირხე (1871) და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები. აღსანიშნავია ცნობილი „შალლა“, რომელიც გერმანელმა ოტო შალლმა, ვაზის ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოიყვანა. ვაზის ახალ ჯიშს მოგვიანებით მის საპატივსაცემოდ, „შალლა“ (ასურეთული შავი) უწოდეს. ვენახები გაშენებული იყო სოფლიდან 7 კილომეტრში მდინარე ალგეთის ნაპირებზე, რაც განაპირობებდა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გერმანელებმა შუაგულ ვენახში ააშენეს უნიკალური სამსართულიანი ნაგებობა - ღვინის მარანი, სადაც დაახლოებით 5 000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. ელიზაბეტთალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი. 125 წლიანი ცხოვრების შემდეგ გერმანელები აქ აღარ დაბრუნებულან.
✔ კაბენის ტაძარი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმგვარად იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, იმავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რომელიც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორატიულ სისტემას იმეორებდა. 1851 წელს მთავარი ეკლესიის საკურთხეველში შეიმჩნეოდა მოხატულობა. მონასტრის ზღუდის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნატეხი ქვით ნაგები მომცრო დარბაზული ეკლესია დგას. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ქვის კარგად გათლილი კვადრებით. მორთულობა შესრულებულია XII-XIII საუკუნეებში შემუშავებული დეკორატიული სისტემის მიხედვით. აღმოსავლეთი ფასადის წარწერიდან ირკვევა, რომ ვინმე გიორგი კაბენის ვაჟებს – ნიკოლოზს, ვასილს, ოქროპირსა და გრიგოლს – თამარ მეფის დროს (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი) დაუმთავრებიათ ადრე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა.
✔ ქოროღლის (კოჯრის) ციხე - აზეულას ქედზე, ზღვის დონიდან 1200 მ, მე-11 საუკუნე. მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან კვეთდა სომხით-საბარათიანოდან თბილისში მომავალ ერთადერთ გზას. ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სახელმწიფო მესვეურები. 1118 წელს აიღო დავით აღმაშენებელმა. 1195 წელს შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი. 1213 წელს აქვე გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფე. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს აქ დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა აქ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს. გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა. 1921 წელს, რუსეთის XI არმიასთან შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველ იუნკერთა უმეტესობა.
✔ ღოუბნის ორმოცნი - მე-16-17 სს. ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარი და კოშკი. ტაძარი კუპელჰალეს ტიპური ნიშნებით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონდა, ახლა მათი ნანგრევებიღაა დარჩენილი. ეკლესიის ფასადები დეკორატიულად თითქმის სრულიად არ არის გაფორმებული. დეკორატიული დამუშავების მთელი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი. რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა ეკლესია შეაკეთეს. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის ინტერიერის მოხატვა. ეკლესიის სამხრეთ ფასადთან სწორკუთხა, მასიური კოშკია. იგი შედარებით მოგვიანო ხანის ნაგებობაა. კოშკის კიბის საფეხურად გამოუყენებიათ 1722 წლის საფლავის ქვა. ძეგლის სახელწოდების შესახებ ადგილობრივ ასეთი თქმულება დარჩენილა: ორმოცმა ძმამ ააშენა ორმოც დღეშიო.
✔ ქართველ იუნკერთა სასწავლებლის, უფრო ზუსტად კი, ქართული სამხედრო სკოლის შექმნის იდეა, მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტროს ეკუთვნოდა. ამ იდეის გახორციელება იმ დროის ბრწყინვალე მხედართუფროსს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. სახელი "იუნკერები" სკოლის კურსანტებს რუსული არმიიდან ინერციით გადმოჰყვა. სასწავლებელში მოხვედრა გასაუბრებისა და ფიზიკური შემოწმების შედეგად ხდებოდა. სწავლების კურსი ორ წელს მოიცავდა – პირველ წელს საერთო სამხედრო საქმეს, ხოლო მეორე წელს სპეციალიზებულ საგნებს ასწავლიდნენ. სამხედრო სკოლამ საბრძოლო დავალება ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძისაგან 17 თებერვალს მიიღო. დავალების მიხედვით, ორ ათეულამდე ოფიცერს, იუნკერთა ასეულსა და ნაცვალთა ათასეულს, მოწინააღმდეგე კოჯორსა და შავნაბადას მონასტერს შორის არსებულ ფრონტზე უნდა შეეკავებინა. მებრძოლთა ეს რაოდენობა ამ მონაკვეთის ეფექტურად დასაცავად აშკარად მცირე იყო, მაგრამ გენერალ კვინიტაძეს არანაირი რეზერვი არ გააჩნდა. ყველაფერი იუნკერთა სიმამაცესა და უნარზე იყო დამოკიდებული. იუნკერები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი "წითელი" იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალ კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე "მაქსიმისაკენ". მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა "მაქსიმის" ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება. საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში. 26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე. დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი. მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისაგან დაფლეთილი შალვა ერისთავის სხეულიცაა.













