,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ორ დღიან ტურს გურიაში (გომისმთა - ბახმარო).
23-24 ივნისი, შაბათი-კვირა. ორი დღე / ერთი ღამე.
I დღე:
1. სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი, მე-19 საუკუნე
2. აჭის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-13-14 საუკუნეები, უნიკალური ფრესკებით
3. გომისმთა, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრი
4. შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, მე-12 საუკუნე
დაბინავება ოზურგეთში საოჯახო ტიპის კომფორტულ სასტუმროში.
II დღე:
დილით გასვლა 8:00 საათზე.
1. ზემო ერკეთის დედათა მონასტერი, მე-9 საუკუნე, ფრესკებით
2. ხიდისთავი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი
3. ნაბეღლავი, ორიგინალი მინერალური წყლის დაგემოვნება
4. ბახმარო, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრი
✔ 23-24 ივნისი. შაბათი -კვირა.
✔ ტურის ღირებულება:
ტურის ღირებულებაში შედის:
- დაბინავება ოზურგეთში საოჯახო ტიპის სასტუმროში
- გამყოლი
- მგზავრობა მიკროავტობუსით
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან.
გავდივართ 6:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე დაგვიკავშირდით ნომერზე ანი.
1. სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი - ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა მე-19 საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.
2. აჭის წმინდა გიორგის ეკლესია - მე-13-14 საუკუნეები. ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. აჭის ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 2007 წლიდან აქ ამოქმედდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი. ეკლესიის სამხრეთ კარის თავზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „წმინდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს, რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქელს და მხეციძესა“. ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. დასავლეთ კედელზე არის სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა. ტაძარში ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა თამარ მეფის დროს შექმნილი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ამკობდა წარწერა: „ჰოი ძელო ცხორებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშენებლისა ოქროსა და ვერცხლის წმიდისა, უფლებასა დედოფლისა თამარისა, ადიდენ ღმერთმან“
3. გომისმთა - ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრი. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18 გრადუსი. გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, სოჭი) და წყაროებით. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. ლეგენდის თანამხად, პირველად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც განიკურნა გომისმთაზე. გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. გომისმთამ, როგორც კურორტმა ყურადღება მიიქცია 1931 წელს, როდესაც ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა.
4. შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შემოქმედის (მაცხოვრის სახელობის) ეკლესია მე-12 საუკუნეში აიგო, როგორც გურიის მთავრების, გურიელების სამარხ-საცავი. მე-16 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ მიაშენა გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“ (ფერისცვალების სახელობის) რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან მე-16 საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. მესამე ძეგლია მე-16 საუკუნის სამრეკლო, რომელიც აშენებულია ერკეთელი აზნაური არსენ მგალობლიშვილის მიერ. ეკლესიის კედელზე 1961 წელს აღმოჩნდა წარწერა „გრიგოლ გალატოზთუხუცესსა ბანდასძესა და ...“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა მე-11-15 საუკუნეებით თარიღდება. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული.
5. ზემო ერკეთის დედათა მონასტერი - მე-9 საუკუნის ეკლესია აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. მე-18 საუკუნეში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე, სათანადო წარწერით. ეკლესიაში შემორჩენილი არის მე-9 საუკუნის კარი და ფრესკები. კედლის მხატვრობა ფრაგმენტულია და საჭიროებს რესტავრაციას.
6. ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი - მუზეუმში ძირითადად დაცულია ნოდარ დუმბაძის (1928-1984 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, გამოცემები.
7. ნაბეღლავი - ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
8. ბახმარო - ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრი. ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. კლიმატური თავისებურებებია: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო. ზამთარში თოვლის საფარი ბახმაროში შვიდ მეტრს აღწევს. ამიტომ გავრცელებულია დაბალი, ბოძებზე შემდგარი და ხისგან აშენებული, ყავრით გადახურული სააგარაკო სახლები, რომლებიც უკეთ უძლებენ დიდთოვლობას. სოფელში დგას მაცხოვრის ფერისცვალების ხის ეკლესია.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ










