ამირანის ,,ძველი მარანი"
ჩვენ შესახებ

XXI-ე საუკუნეში ცოტა რთულია ვინმე გააკვირვო შენი საქმიანობით. წუთისოფლის ორომტრიალში ჩაბმულებს ხშირად გვავიწყდება ვინ ვართ, საიდან მოვდივართ. ნათქვამია, ხის სიმაღლე მიწიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. მოკრძალებულად ვიხრით ქედს მარადისობაში გადასული ჩვენი წინაპრების სულების წინაშე და გვსურს გაგაცნოთ არა მარტო მამა-პაპის, არამედ მათი წინაპრების მიერ შემორჩენილი უძველესი საგვარეულო მარანი და მასში განთავსებული ყოფითი ნივთები, სადაც ჰარმონიულად მოხდა წარსულისა და აწმყოს დაკავშირება.

მე-XVII საუკუნის დასაწყისში აშენებული მარანი უნიკალურია არქიტექტურული მშენებლობით, ერთმანეთს ენაცვლება რიყის თეთრი ქვებისა და ოთხკუთხა ძველი აგურის განლაგება. მარნის ქვედა წყობა რეგულარულია, შემდეგ კი თევზიფხური ენაცვლება. შესასვლელი უძველესი მუხის კარით იღება. კედლებში არის ჩაშენებული თახჩები, ბუხრები, თაროები. იატაკი მიწატკეპნილია. მარნის ცენტრალური ნაწილი დიდ თაღს უჭირავს, რომელიც უნიკალურია აგურის წყობით. აღსანიშნავია ის, რომ თაღის ჩრდილოეთი მხარე უკავია მარანს სხვადასხვა ზომის ქვევრებით, რომელთაც მრგვალი სიპის ქვები აქვს სახურავად, სადაც ყოველ წელს ტონობით იწურება ხარისხიანი ყურძენი განსაკუთრებული, ნატურალური ღვინის დასაყენებლად, რომლის დაგემოვნება ნებისმიერ მნახველს შეუძლია. მეტად მნიშვნელოვანია აქვე მყარად მდგომი, სვეტივით აღმართული დედაბოძი, რომელსაც ქართულ არქიტექტურაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

მარნის სამხრეთი ნაწილი ყოფილა საცხოვრებელი ოთახი, რომლის დასტურია კედელში არსებული განჯინები და თაღოვანი ბუხარი, რომელსაც საკვამური კედელში აქვს ჩაშენებული. აქ შეხვდებით წინაპრების მიერ დანატოვარ ძველ ყოფით ნივთებს.

მარნის ორივე მხარეს მოთავსებული ნივთების დათვალიერებით და მათი დანიშნულების გაცნობით თვალწინ გვიდგება უძველესი ხალხის ისტორია და ადათ-წესები. აქ შესულებს თითქოს ყურში ჩაგვესმის ჩვენი წინაპრების გულიდან ამოსული ჰანგები: ჩაკრულოს, ოროველას, მრავალჟამიერის და გვიჩნდება შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი უფალთან გვაახლოებს, რომლის შეწევნითა და მფარველობით დღემდე მოვედით და კვლავ იარსებებს საქართველო-პურ-ღვინისა და მრავალჟამიერის კურთხეული მიწა.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა