national delicacy

ლაშქრობა დანახვისის მთაზე

  • ID: 50827
  • ნახვები: 5257
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/04/19
    დაბრუნება
    • 13/04/19
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან უმაგრეს ხედებიან სალაშქრო ტურს ტანას ხეობაში.

,,დანახვისი - მჭურეტი ქართლისა", მდებარეობს ატენის ხეობის უმაღლეს მწვერვალზე, იგი სათვალთვალო კოშკი ყოფილა. ხედები შიდა ქართლსა, თრიალეთის ქედზე და კავკასიონის ულამაზეს მწვერვალებზე, ერთდროულად ვნახავთ ორ ბუმბერაზს - მყინვარწვერსა და იალბუზს. 360°- იანი თვალწარმტაცი პანორამული ხედების ნახვა ვისაც გსურთ, ეს ტური თქვენთვისაა.

ტურის გეგმა ასეთია:
ავდივართ კლდეზე ამაყად მდგარ მე-10 საუკუნის ატენის (საცივის,ორბელიანის) ციხეზე. რომელსაც ცალ მხრით საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხრით - აბანოსხევი. იგი ქართველ მეფეთა სამყოფელი იყო. ციხე ატენის ხეობაში მიმავალ გზას ზემოდან დაყურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ატენის ხეობის ისტორიულ ძეგლებს არწივის სიმაღლიდან დავათვალიერებთ. ზედ ხედების დათვალიერების შემდეგ მოვილოცავთ მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე მდგარ მე -7 საუკუნის ატენის სიონს. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები. სოფელ გარდატენის ბოლოდან კი შევალთ ტანას ხეობაში და გეზს ავიღებთ დანახვისის მთისკენ. გზად ვნახავთ ტანას ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ქედზე მდგარ მე -9 საუკუნის ვერეს (აზრატის ) ციხეს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით. შემდეგ კი ვიწყებთ ასვლას დანახვისის მთაზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და ავალთ ზღვის დონიდან 1721 მეტრზე, მთის წვერზე, სადაც დგას დანახვისის წმ. გიორგი თავის თვალწარმტაცი ხედებით. ამ ადგილიდან მდინარე ტანას ხეობა, კავკასიონი და შიდა ქართლის ვაკის დიდი ნაწილი ჩანს. სამხრეთ საქართველოდან შემოსეული მტრის შესახებ, უფლისციხეში დანახვისზე დანთებული ცეცხლით იგებდნენ. მაშინდელი ტელეფონი ეს იყო. მოკლედ კაი ,,საჭვრიტინო" ადგილას მივდივართ. ტურის ბოლოს რევაზაშვილების მარანში დავაგემოვნებთ ღვინო ,,ატენურს". საღამოს კი უნიკალურ ხედებიან ფოტოებით და დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს ❤

შემოგვიერთდი, გადაიღე ბევრი სამახსოვრო ფოტო ბუნებაში, შეიძინე ახალი მეგობრები, შექმენი შენი თავგადასავალი. დაწერე საკუთარი ისტორია.

1. ატენის (საცივის,ორბელიანის) ციხე - მე-10-11 ს.ს.
2. ატენის სიონი - მე- 7ს.
3. დანახვისის მთა - ზღვის დონიდან 1727 მ.
4. დანახვისის წმ. გიორგი - ადრინდელი ფეოდალური ხანა
5. ვერეს (აზრატის) ციხე - მე-9-10 ს.ს.

✔ 13 აპრილი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

✔ ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
12 კმ. საშუალო სირთულის.

წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტური გადაიდება.

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30 სთ-დან. გავდივართ 6:45 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. შემდეგ პრეტენზიები არ განიხილება. მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან და ნებისმიერი მეტროსადგურიდან მოხვალთ ნახევარ საათში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ ორი გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო რომ არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ.
✔ კვებისთვის დღის განმავლობაში გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ. ტურის ბოლოს კი გვექნება კოცონ-პიკნიკი ატენის ულამაზეს ხეობაში.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. ????
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ???? წინდა ???? საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი Facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

✔ ვერეს ციხე, აზრატის ციხე, ბერეს ციხე – ციხესიმაგრე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, მდინარე ტანის ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით.
ვერეს ციხე თარიღდება IX-X საუკუნით. ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ–ერისთავების - ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელს ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ. XVII – XVIII საუკუნის ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 წელს ვერეს ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერეს ციხე აიღო და გაანადგურა.

✔ დანახვისის მთა - ქარელის მუნიციპალიტეტი, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

✔დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის სამხრეთ-დასავლეთით შვიდ კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6 X 3,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია თვალური კონტრფორსი.

✔ ატენის ციხე, საცივის ციხე, ორბელიანის ციხე – X-XI საუკუნეების ციხესიმაგრე ატენის ხეობაში (გორის მუნიციპალიტეტი). აგებულია მაღალ კლდეზე, რომელსაც ცალ მხრით საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხრით - აბანოსხევი. იგი ძნელად მისადგომია, ზომით კი დიდი არ არის. კედლები მაღალი და მტკიცე ჰქონია. ციხის ქვედა ნაწილში საკმაოდ მოზრდილი წყალსაცავები ყოფილა მოწყობილი. წყალი თიხის მილებით ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხევიდან მოედინებოდა.
ატენის ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. იგი ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის დროს (1920). მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა (38,4 X 17,2 მ) ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა. დიდი და მთავარი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია.
X საუკუნეში ატენის ციხე კლდეკარის ძლიერ ერისთავებს ეკუთვნოდა. რატი ერისთავთ-ერისთავმა საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს თუმცა საკმაოდ დიდი წინააღმდეგაა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ციხე მეფისათვის გადაეცა. შემდეგ წლებში, როგორც ეტყობა, ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო.XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-ს ბრძოლა უხდებოდა ხან გარეშე მტრებთან და ხან განდგომილ ფეოდალებთან. განსაკუთრებით ხანგრძლივი ბრძოლა ჰქონდა მას კლდეკარის ერისთავ ლიპარიტთან. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ლიპარიტმა ბიზანტიელებისა და კახელების დახმარებით სცადა ატენის ციხის აღება, მაგრამ ვერაფერს გახდა. მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ, რომ მეციხოვნეები მათ მხარეზე გადმოვიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალით კი ციხე ვერ აიღეს.ატენის ციხის აუღებლობის შესახებ მემატიანეები ცნობებს გვაწვდიან უფრო მოგვიანებითაც.XVI საუკუნის დასაწყისში ქართლში მეფობდა სუსტი ნებისყოფის დავით X. მას არა ერთხელ დაესხა თავს დიდი ჯარით კახეთის მეფე, მამის მკვლელი ავ-გიორგი. ერთხელ მან დავითი ატენის ციხეში შეიმწყვდია. ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ ციხის აღება შეუძლებელი გახდა. ბოლოს ავ-გიორგი იძულებული შეიქნა გასცლოდა ციხეს და ნაძარცვით შინ გაბრუნებულიყო.იმავე საუკუნის ერთ ასეთ ტრაგედიას გადმოგვცემს ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი. ლუარსაბ მეფე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში თავგანწირვით იბრძოდა ოსმალ და ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგი. ყველაზე მეტად გაძნელდა შაჰ-თამაზთან ბრძოლა. განსაკუთრებით სასტიკი იყო მისი მეოთხე ლაშქრობა 1554 წელს. ამჯერად მან ატენის ხეობასაც შეუტია. წედისის ციხე ძალით აიღო, ვერეს ციხე კი უბრძოლველად დანებდა. ამის შემდეგ ჯერი ატენის ციხეზე მიდგა. აქ თავს აფარებდნენ მეფის დედა და სხვა თავადთა ოჯახის წევრები. მიუხედავად ალყისა, შეუპოვარი ბრძოლისა და მრავალი მსხვერპლისა, ციხის აღება გაძნელდა. საქმე ის იყო, რომ ციხე ისეთ მოხერხებულ ადგილზე იდგა და კედლებიც ისეთი მაგარი ჰქონდა, რომ ვერსაიდან ხვრელი ვერ გაუკეთდებოდა; ვერც სანგრევი მანქანები მიუყენეს და თოფის სროლაც გაუძნელდათ.ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან მტერმა გამოსავალი მოძებნა. დაიჭირეს მეფის დედის ფარეში, ვინმე კავთისხეველი ბეთიაშვილი და აიძულეს გაეთქვა ციხის საიდუმლოება. უვნებლობის ფიცის მიცემის შემდეგ, გამცემმა მოუთხრო. „ჭის წყალი დალევიათო და ჩრდილოეთისკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქვსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო“. ყიზილბაშებმა დარიგება შეასრულეს, წყალსადენი გადაუკეტეს, უწყლოობამ მეტად შეაწუხა ციხის მცველები, მშველელიც არსაიდან ჩანდა. ღონემიხდილნი შეაწყდნენ მტერს. ციხე დაეცა.ძლიერი, თითქმის გამანადგურებელი დარტყმა მიიღო ატენის ციხემ XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში. როსტომ ქართლის მეფეს აუჯანყდნენ მეფე თეიმურაზის მომხრე თავადები. შეთქმულთა ჯგუფში იყვნენ ისეთი ძლიერი ფეოდალები, როგორიც იყო ზაალ არაგვის ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი და თვით კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე. როსტომ მეფე სწრაფად მოქმედებდა. მან შეკრიბა ჯარი და გაემართა ციციშვილისაკენ. მეფის მოახლოება რომ გაიგო, ნოდარმა გაცლა ამჯობინა. მეფე უკან დაედევნა. ნოდართან მყოფი ძმები ჩხეიძეები შეებნენ მეფეს და შეაკვდნენ, ნოდარი კი ატენის ციხეში შეიკეტა. მეფე მოადგა ციხეს. ნოდარი აქაც ვერ გამაგრდა და ზემო ქართლში, საათაბაგოში გადავიდა. როსტომმა აიღო ციხე და გაანადგურა იგი. შემდეგში მეფე დანარჩენ განდგომილებსაც მისწვდა. კათალიკოსი შეიპყრო, ქალაქის ციხეში გააგზავნა და შემდეგ იქვე დაახრჩობინა. გოჩაშვილს თვალები დასთხარა. ზოგს მამული წაართვა, ზოგი ქვეყნიდან გააძევა. კარგად სწერს მემატიანე იოთამ ამილახორზე: იოთამი არ დასაჯაო მეფემ იმიტომ, იმიტომ, რომ იგი „საითკენაც დრო დაიხელის, იქითკენ იყვისო“.
როგორც ეტყობა, როსტომს ატენის ციხე ძალზე დაუნგრევია. შემდეგში მას დიდი მეპატრონე აღარც ჰყოლია. მართალია, მომდევნო საუკუნეებში იგი მაინც იხსენიება, მაგრამ თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა.

✔ ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/04/19
    დაბრუნება
    • 13/04/19